Sunday, December 10, 2017

რეფლექსია

მიმდინარე წლის 16 მაისს მე-8 კლასში ჩავატარე გაკვეთილი თემაზე: გავლენით დაელექტროება. ელექტრული ველის ძალწირები.
გაკვეთილის მიზანი იყო, რომ მოსწავლემ ექსპერიმენტის გამოყენებით შეძლოს დამუხტულ სხეულთა ურთიერთქმედების კვლევა და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. მანიპულატივების გამოყენებით მოსწავლემ  შეძლოს სივრცეში ელექტრული ველის გრაფიკული გამოსახვა.
გაკვეთილი დავიწყე კლასის ორგანიზებით და მიზნის გაცნობით. მოსწავლეები წინასწარ დავსვი ჯგუფურად, 1-4 გათვლის პრინციპით, შემდეგ კი გადავაჯგუფე ნომრების მიედვით,ამას სხვა დროსაც ვაკეთებ, ამიტომ მაქსიმალურად მცირე დროში მოხდა გადაჯგუფება. წინარე ცოდნის გასააქტიურებლად დავსვი რამდენიმე კითხვა ელექტრული ველის, ელექტრული მუხტების, ვექტორებისა და მხების შესახებ. მოსწავლეებმა თავიანთი დამზადებული ხელსაწყოებით წარადგინეს საშინაო ცდით ჩატარებული კვლევის შედეგები.
გაკვეთილზე მკვეთრად იყო მოსწავლეთა ჩართულობა, აქტიურობა და კრეატიულობა, რაც მათ მიერ ექსპერიმენტების ჩატარებით, მოდელებისა და მანიპულატორების გამოყენებით  გამოიხატა. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეები გაეცნენ ძალწირების ცნებას, თავად შექმნეს და მოახდინეს ძალწირთა მიმართულებების დემონსტრაცია, ჩაატარეს ვირტუალური ლაბორატორიის სიმულაციები. გამოიკვლიეს ელექტრული ველის მხრიდან მუხტზე მოქმედი ძალის მანძილზე დამოკიდდებლება, პრეზენტირება,რითაც მათ შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და რეალიზება. ვფიქრობ ამ პატარა გაკვეთილით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი იმისკენ,რომ თანამედროვე სკოლამ გაზარდოს თავიანთ შესაძლობლებებში დარწმუნებული, ობიექტური თვითშეფასების მქონე თაობა.
ვფიქრობ, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებსა და ჩემს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. მოსწავლეებმა შეძლეს განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა. კლასის მართვის, დისციპლინის მხრივაც პრობლემები ფაქტობრივად არ წარმოშობილა. მოსწავლეები ძირითადად იცავდნენ მათ მიერ შედგენილ ქცევის წესებს. სასწავლო დრო ფუჭად არ გამოგვიყენებია. გაკვეთილი იყო სახალისო და დინამიკური. მასში ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ინტერნეტრესურსების გამოყენება, რაც მედიაწიგნიერების კომპეტენციას ავითარებს.
გაკვეთილის გეგმის მნიშვნელოვანი მოდიფიცირება არ მომიხდენია.
გაკვეთილის სუსტ მხარედ მიმჩნია დროის არასწორი გადანაწილება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი აქტივობის შემდეგ მოსწავლეებს განმავითარებელ შეფასებას ვაძლევდი, განმსაზღვრელი შეფასებისთვის დრო აღარ დამრჩა. ასევე შეიმჩნეოდა ვექტორებისა და მხების შესახებ მწირი ცოდნა, კერძოდ ზოგიერთმა ძალწირზე მხები არასწორად მიამაგრა, ან ზოგიერთმა არ იცოდა ვექტორის ისარი საწყისი წერტილია თუ ბოლო. ვფიქრობ ეს ადრე უნდა გამეთვალისწინებინა და წინა გაკვეთილზე ან ჩვენი კლასის გვერდზე სოციალურ ქსელში წინასწარ ამ საკითხებზე მიმეცა განმარტებები ან მითითებები, ასე უკეთეს შედეგზე გავიდოდი, რამეთუ ამ გვერდს ამ მიზნით ხშირად ვიყენებ. ასევე შევეცდები შემდგომში მეტი ყურადღება დავუთმო მოსწავლეთა თვითშეფასებას.

                                                          ვ.აბუსელიძე

No comments:

Post a Comment